თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტერორიზმთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება მშვიდი და სტაბილურია, ხელისუფლება ამ მიმართულებით ეფექტურ ზომებს ახორციელებს, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც 2022 წელს მსოფლიოში არსებული მდგომარეობაა შეფასებული.
„საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია იყო მშვიდი და სტაბილური და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების მნიშვნელოვანი წვლილი.
„საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან“, - წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების კრიმინალიზაციას, მათ შორის, ისეთი ქმედებების, როგორებიცაა: ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნა, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირება, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების გადაადგილება.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ქვეყანამ შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა.
ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა 2022 წელს, მათ შორის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის გამოვლენა და ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის ფაქტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ქვეყანამ გააგრძელა მუშაობა სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში მონაწილეობის გზით.
დოკუმენტში პოზიტიურადაა ასახული 2023-2027 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიის შემუშავებისა და, საჰაერო გადამზიდველებთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის ამოქმედების საკითხი.
გარდა ამისა, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შესაძლებლობები.
„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კომპეტენტური და ორგანიზებულია, უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობას საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი და საანგარიშო პერიოდში გახდა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამის წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი.
ანგარიშში ხაზი აქვს გასმული, რომ საქართველომ დააფუძნა ახალი კომისია, რომელიც მიზნად ისახავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას.