თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია „მოიარე საქართველო“ დაიწყო, რათა ყველა მსურველს ქვეყანაში არსებული ახალი ტურისტული ადგილები უკეთ გააცნოს.
პროექტში უკვე ჩართულები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. კამპანიის ფარგლებში მათ საქართველოს ყველა კუთხეში სათავგადასავლო ტურები უნდა მოაწყონ, იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და გაეცნონ ადგილობრივ სამზარეულოს. ამ მოგზაურობების შესახებ, მომზადდება თემატური ფოტოები, ვიდეორგოლები და შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
სათავგადასავლო მოგზაურობისთვის პირველი ლოკაცია უკვე შერჩეულია – ეს რაჭაა. პროექტმა „მოიარე საქართველომ" აღმოაჩინა, რომ ეს კუთხე ბევრ, აქამდე უცნობ ტრადიციას ინახავდა, ნათქვამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში.
პროექტი „მოიარე საქართველო" უკვე სარგებლობს პოპულარობით და სოციალურ ქსელებში მოგზაურობის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლებს ინტერნეტში ბევრი გამომწერი ჰყავს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურიზმის პოპულარიზაციასთან ერთად, კამპანიის მიზანი ადგილობრივი მეწარმეების და ბიზნესის მხარდაჭერაა.
რაჭის გარდა, პროექტი „მოიარე საქართველო და შეაგროვე ემოციები" უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს.