ვის მხარესაა პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში - მმართველი პარტიის მოსაზრება

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიაში, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თემა წამოჭრა და განაცხადა, რომ საქართველოში არც ერთ მთავრობას არ აინტერესებს, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ემიგრანტმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
„სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიაში. რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერმა ურჩია პრეზიდენტს, „ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში“.
ქართველი ემიგრანტების უცხოეთში ხმის მიცემის საკითხი ყოველ არჩევნებთან ერთად აქტუალური ხდება. მანამდე, პროცედურის მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვა სჭირდებოდათ.
კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო >>
საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ. საკონსულო აღრიცხვაზე დასაყენებლად უცხოეთში ლეგალურად ყოფნის დადასტურება სავალდებულო არ არის.
ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იყო საქართველოს 62.598 მოქალაქე, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით უცხოეთში რამდენიმე ასეული ათასიდან მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.