თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 4 საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა რუსეთის 15,5 ათასზე მეტმა მოქალაქემ, მათგან დაახლოებით 33,2%-მა მიიღო უარყოფითი პასუხი, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს მასალებში, რომელიც სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად უწყებას 15.506-მა რუსმა მიმართა, აქედან 3.708-მა 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში და 8.198-მა 2023 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის 5.156 მოქალაქეს ეთქვა უარი ბინადრობის უფლების მიღებაზე, 609 ადამიანის განცხადების განხილვაზე კი სამინისტრომ უარი რიგი მიზეზის გამო თქვა.
2023 წლის 17 ნოემბრისთვის რუსეთის 9.021 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა, დანარჩენი განხილვის სტადიაშია. ამასთან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება 2.287-მა რუსმა მიიღო.
ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.
საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.
ბინადრობის თითოეული ტიპისთვის განსხვავებული დოკუმენტების ჩამონათვალი არსებობს.