თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხში საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდნენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა გუდუშაურმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მართალია, ასეთი მოლოდინები ნაკლებად სავარაუდოა და ჩვენ პრაქტიკულად არც გვაქვს, თუმცა, თუ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები შეუერთდებიან, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
დღეისთვის თანამშრომლობაზე თანხმობა გამოთქვეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და „საქართველოსთვის", რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.