დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მერვე სართულიდან ძაღლი გადმოაგდო

დაკავებულს ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 29 ნოემბერს თბილისში ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის" ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ძაღლი ადგილზე დაიღუპა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.