თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 953,1 მილიონი ლარით, ანუ 1,94%-ით გაიზარდა და 1 ნოემბრისთვის 50,12 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 431,98 მილიონი ლარით, ანუ 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 521,07 მილიონი ლარით, ანუ 2,36%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,21 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,51%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1,43%-ით მეტია.
2023 წლის ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,06%-ით, ანუ 275,01 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, 26,12 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,82% შეადგინა, რაც 0,18 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 ოქტომბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 15 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.