თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
29 ნოემბერს „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისი შემადგენლობის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. პოლიტსაბჭოს დაემატა 20 წევრი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იზიარებენ პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებულს „ერთობის მანიფესტს". ახალ წევრებს შორისაა პარტიის ძველი სახეებიც - სევდია უგრეხელიძე და ნიკა ვაჩეიშვილი.
„იმდენად არასერიოზული ორგანიზაცია გახდა ეს პოლიტიკური პარტია, რომ „ნაცმოძრაობაზე“ სერიოზული კომენტარების გაკეთება უკვე უხერხულია. ამავდროულად, ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის. ყოველივე ეს კონკრეტულ ციფრებში უკვე 2024 წლის არჩევნებზე გამოჩნდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას „ნაცმოძრაობის" რიგი რაიონული ორგანიზაციებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ამ დრომდე ითხოვენ. ისინი ხაბეიშვილს მოუწოდებენ პასუხისმგებლობა აიღოს პარტიაში არსებულ უმოქმედობასა და გაღრმავებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ამასთან, ოფიციალურად სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრიც კი არ არის. მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის წევრი საქართველოში, რადგან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა - მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მრავალი წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თქვა.