თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელ დეკემბრიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
დავების განმხილველი კომისია საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია.
უწყების ცნობით, კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჩივარი შეიძლება ეხებოდეს საგადახდო ბარათის, ინტერნეტ/მობაილ-ბანკის საშუალებით ან სხვა გზით განხორციელებულ არაავტორიზებულ (მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებულ), აგრეთვე არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, მათი შესრულების ვადის დარღვევას, გადახდის ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულ სხვა მსგავს შემთხვევას.
გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია დავას ასრულებს მორიგებითაც. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
კომისია დავას განიხილავს არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
დავების განმხილველი კომისიის შექმნა უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.