თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი მზადაა მონაწილეობა მიიღოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ახალი პირობების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში, დანარჩენი ოპოზიციონერები კი მოქმედების საკუთარ ალტერნატიულ გეგმას წარმოადგენენ.
ახალი პირობები, რომელთა შორისაცაა თავისუფალი არჩევნების გამართვა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება, ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს გაასაჯაროვა. ორშაბათს, 27 ნოემბერს, ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეკომენდაციების ფარგლებში, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და აღსრულების ვადები.
საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა, იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ახალი პირობების შესასრულებლად და განახორციელოს დამატებითი რეფორმები.
ოპოზიციის პოზიცია
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს.
„რადგანაც წინა გამოცდილება იყო ცუდი, როდესაც ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტები შესაბამის სამუშაო ჯგუფებში არც კი განიხილებოდა. თუმცა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ გვექნება ჩვენი შეხედულებები ცხრაპუნქტიან გეგმაზე, რომელთაც განსახილველად სამუშაო ჯგუფებს წარვუდგენთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან.
თავის მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ ყველა სამუშაო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
„არ ვიცი, როგორი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით იქ, რათა ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა ხდება კომისიაში", - განაცხადა ხვიჩიამ.
კარი ღიაა
კარი ღიაა ყველასთვის და თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში - მმართველი პარტიის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამშვილმა გაახმოვანა.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რითაც თავი დაგვამახსოვრეს ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა ან ერთმანეთთან დაპირისპირება. არ მგონია რომ ისინი ზნეს შეიცვლიან და ამ პროცესში ჩაერთვებიან, მაგრამ ცხადია, კარი ყველასთვის ღია იქნება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ.
მმართველ პარტიაში მიუღებელი უწოდეს ოპოზიციის წინადადებას ალტერნატიული გეგმის თაობაზე. „ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა უკვე ბრიუსელთანაა შეთანხმებული და ისინი ოპოზიციის გეგმას განიხილავენ არა როგორც თანამშრომლობას, არამედ მორიგ დესტრუქციულ მოქმედებას.
„რა უნდა გაკეთდეს და რა მიმართულებით - ეს საკითხები ევროკომისიასთანაა შეთანხმებული. ამიტომაც თუ თქვენ, ალტერნატივის სახით სხვას წარმოადგენთ, მაშინ თქვენ გსურთ მთელი პროცესის შუა გზიდან სხვა მიმართულებით გადახვევა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
როგორც მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.