თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე კვირაში ერთიდან ორ რეისამდე გაზარდა, ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის ინფორმაციაში.
ახლა რეისი სანქტ-პეტერბურგი - თბილისი შაბათის გარდა, სამშაბათობითაც შესრულდება.
განრიგის მიხედვით, პულკოვოს აეროპორტიდან გამოფრენა 10:20 საათზეა დაგეგმილი, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ჩამოფრენა კი ადგილობრივი დროით -15:25 საათზე. რეისი 4 საათი 5 წუთი გაგრძელდება.
გარდა ამისა, 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების შესრულებას კვირაში ერთი სიხშირით დაიწყებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 10 დეკემბრიდან განახორციელებს.
ფრენები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათობით და კვირაობით შესრულდება.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, რომელიც 2019 წელს იყო დაწესებული. აკრძალვის მოხსნის შემდეგ პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავით განხორციელდა, 20 მაისს კი Georgian Airways-ის თვითმფრინავი მოსკოვში გაფრინდა. ივლისის შუა რიცხვებიდან რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ფრენები დაიწყო.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მოსკოვმა 2019 წელს ცალმხრივად შეწყვიტა. მიზეზი თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის შენობაში გამოჩენის შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა.