თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ქართული ზეითუნის ზეთი თავისი ხარისხით საუკეთესოთა ოთხეულშია ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი, რაც ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, განაცხადა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ.
„ზეთისხილის ხის მსოფლიო დღე“ 26 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოში ის ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ დააარსა. ზეთისხილის პირველი გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სოფელ საქობოში (კახეთი) 2016 წელს გაიხსნა.
„ქართული ზეთისხილის ზეთმა მსოფლიო ბაზარზე დაიკავა პირველ ოთხეულში ადგილი: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, საქართველო. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და გვეიმედება, რომ ეს კიდევ დამატებითი ინვესტიციების საფუძველი გახდება საქართველოში. ჩვენი მიწა და კლიმატი ზეთისხილს განვითარების ისეთ საშუალებას აძლევს, რომ მისგან უმაღლესი ხარისხის ზეთი მიიღება, რომელიც ნიშნავს მაღალ ფასს და ეს ზეთი მიმზიდველია როგორც ევროპისთვის, ისე აზიისთვის,“- განაცხადა გიორგი სვანიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
მისი თქმით, გეგმებშია სხვადასხვა ჯიშის ზეთისხილის ნერგების დარგვა და გადამამუშავებელი ქარხნების გაფართოება. მხარდამჭერია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო.
„ფერმერებმა აიტაცეს ეს კულტურა და ყოველ წელს ირგვება ზეთისხილის ნერგები, ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადამამუშავებელი ქარხანა. მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭო მთლიანად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და სტრატეგიაში და გვიჭერს მხარს. ვფიქრობთ სხვადასხვა ჯიშების დარგვას“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.
მისი თქმით, საქართველოში გაშენდა ზეთისხილის სანერგე და იწარმოება ზეთისხილის ქართული ნერგი, რომელიც გაცილებით ძვირფასი, მდგრადი და უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მოსავლის მომცემი იქნება.