ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ფინანსურ დახმარებას 2024 წელსაც მიიღებენ

მიმდინარე წელს ფერმერებმა დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება მიიღეს თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს - პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხა პროგრამის მონაწილეებს აგროქულების სახით აგრობარათებზე დაერიცხებათ და მას თხილის მოვლისთვის სხვადასხვა საქონლის შესაძენად გამოიყენებენ - დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეადგინა თხილის კადასტრი, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც უწყებას შესაძლებლობას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თხილის კადასტრში 90 ათასამდე მოსარგებლის 44 ათას ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.