მსოფლიო დღეს

მოსკოვის აეროპორტებში 30-მდე ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა

სინოპტიკოსები რუსეთის დედაქალაქში ყინვას და უამინდობას პროგნოზირებენ
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მოსკოვში „ვნუკოვოს", „დომოდედოვოსა" და „შერემეტევოს" აეროპორტებში სულ მცირე 24 ავიარეისი გადაიდო და კიდევ ექვსი გაუქმდა, იუწყება РИА Новости.
„ვნუკოვოში" გადაიდო ექვსი ავიარეისი, „დომოდედოვოში" გადაიდო 13 რეისი და ოთხი გაუქმდა, „შერემეტევოში" კი გადაიდო ხუთი და გაუქმდა ორი ავიარეისი. იმ ავიარეისებს შორის, რომლებიც გადაიდო, არის თბილისის მიმართულებაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსკოვში მინუს 3-5 გრადუსია მოსალოდნელი, გზებსა და ტროტუარებზე ლიპყინულია.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.