თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ვინგერი, 2022/2023 სეზონის Аსერიის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards–ის პრემიის ფინალისტების სიაში შევიდა და „2023 წლის საუკეთესო მოთამაშის“ წოდებისთვის იბრძვის
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 2024 წლის 19 იანვარს დუბაიში გაიმართება. პრემიის მოქმედი მფლობელია ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაა, რომელიც საუდის არაბეთის „ალ–იტიჰადში“ თამაშობს.
კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე.
ამ დროისთვის 29%–ით „ალ–ნასრას“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანი. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერჯერობით 1,6% აქვს.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად. გარდა ამისა, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს, ხოლო ჩემპიონატის 26–ე ტურის ფარგლებში მისი გოლი „ატალანტის“ კარში 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
Globe Soccer Awards ევროპული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. პრემია 2010 წლიდან გაიცემა.