თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. წარმატებული სტუდენტები ახალი 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას მიიღებენ, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
სტუდენტები 150 ლარის ნაცვლად თვეში 300 ლარს მიიღებენ ათი თვის განმავლობაში - ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით.
ამილახვარმა ასევე განაცხადა, რომ სტიპენდიანტთა რაოდენობა გაორმაგდება. ამ დროისთვის სტიპენდიას 2,5 ათასი სტუდენტი იღებს. ახალი სასწავლო წლიდან კი ხუთი ათასი წარმატებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება.
მინისტრის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების დაახლოებით 27.000 სტუდენტს შეეხო.
სურვილის შემთხვევაში ყველა ამ ახალგაზრდას სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა, აღნიშნა მინისტრმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჯამში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0,9%-ით მეტია.
საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე არის შესაძლებელი, რა დროსაც აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო და უნივერსიტეტის მიერ დამატებული კიდევ ერთი საგანი უნდა ჩააბარონ
ჩარიცხვა ხდება მიღებული ქულების მიხედვით. მათზეა დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსების პროცენტიც.
საქართველოში სტუდენტები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის მგზავრობისას, დოკუმენტაციის გაფორმებისას, ნაკრძალების, მუზეუმების მონახულებისას და ა.შ.