თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულაცია 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე.
ბოლო კვირაში 100 ათას მოსახლეზე გრიპის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 ათასს მიაღწია მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 47 ათასს აღწევდა, განაცხადა სპეციალისტმა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გრიპის შემთხვევები არ გაიზრდება, აღნიშნა მან.
პროფესორის თქმით, ამინდის გაუარესებისა და აცივების კვალდაკვალ, ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.
„ბოლო, 47-ე კვირა გამოირჩევა იმით, რომ გრიპის ვირუსი აღარ არის. მხედველობაში მაქვს ის, რომ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის არ არის არც გრიპის და არც კორონავირუსის შემთხვევები", - განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო კვირის მანძილზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. ორი კვირის წინ კი გამოვლინდა როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის შემთხვევები.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მედიკოსები შემთხვევების ზრდას დეკემბერ-თებერვალში ელოდებიან.
როგორც ადრე ჩხაიძემ განაცხადა, ვირუსის პირველი შემთხვევები ქვეყანაში მოსალოდნელ პერიოდამდე ადრე - სექტემბერში გამოვლინდა.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.