ერთადერთი ხერხი გრიპისგან თავის დასაცავად - ჩხაიძის რეკომენდაცია

შეძენილი ვაქცინა გრიპის ვირუსის იმ შტამებისგან შედგება, რომლებიც მოსალოდნელია ამ სეზონზე. მისი გაკეთება ექვსი თვის და უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს შეუძლია.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. დაავადებისგან თავდაცვის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის საწინააღმდეგო აცრაა, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა ჰოლანდიური კომპანია Abbott Biologicals B.V-სგან შეიყიდა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის რეკომენდებული. ჩხაიძის თქმით, საქართველოში ასევე ხელმისაწვდომია ფრანგული ვაქცინა და ორივე ვარიანტი ხარისხიანია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის", - განაცხადა ჩხაიძემ.
პროფესორმა რისკის ჯგუფებში შემავალ ადამიანებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა.
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით", - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, უფასო ვაქცინები გამოყოფილია რისკ-ჯგუფებისთვის და კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
უფრო ადრე Sputnik-საქართველოსთან საუბარში ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ვირუსის პირველი შემხვევები ქვეყანაში მოსალოდნელ პერიოდზე - სექტემბრის ბოლო - უფრო ადრე გამოვლინდა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.