აზერბაიჯან-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება და ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და მის ქართველ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება, გაცვალეს აზრები ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის თაობაზე და ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.
როგორც სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, როგორც ბევრ სხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამხედრო სფეროშიც მყარდება და ვითარდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი ვიზიტები და მსგავსი შეხვედრები სახელმწიფოებს შორის მაღალი დონის ურთიერთქმედების თვალსაჩინო მაგალითია. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ.
შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის 2024 წლის გეგმას.
დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ბოლოჯერ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები თურქეთში (ყარსი) მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდნენ, რა დროსაც მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.