თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.