საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მორწმუნეებს გულმოწყალებისკენ მოუწოდა

სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და გულმოწყალებით დავეხმაროთ, ბრძანა მეუფე შიომ
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. არ განვსაჯოთ და არ განვიკითხოთ სულიერად ნაცემი ადამიანები, არამედ სიყვარულითა და მოწყალებით დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებაში, ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა სამების ტაძარში განაცხადა.
მეუფე შიომ შეახსენა მორწმუნეებს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ სახარებიდან. მისი თქმით, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა.
„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, - განაცხადა მეუფემ.
მისი თქმით, როდესაც ადამიანები სხვის ნაკლს ან სულიერ ჭრილობებს ამჩნევენ, მის განკითხვას იწყებენ.
„აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.
მეუფე შიომ მოუწოდა მრევლს გადალახონ ეს გაუცხოება და გაიხსენონ იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ.