თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2022/2023 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა, რაც ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველი მსგავსი მიღწევაა.
სანდრო ბაზაძისთვის საპატიო ჯილდოს მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე მიიღეს.
სანდრო ბაზაძემ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატის ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი აიღო. ქართველი მოფარიკავის ანგარიშზეა რამდენიმე ოქროს მედალი, რომელიც მან მსოფლიო თასების ეტაპებზე და გრან-პრიზე მოიპოვა.
2023 წლის მარტიდან სანდრო ბაზაძემ მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის პირველი პოზიცია დაიკავა.
გარდა ამისა, კონგრესის დელეგატების გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. თბილისის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 120-მა დელეგატმა მისცა, სულ კი კენჭისყრაში 134 დელეგატი მონაწილეობდა.