კვარამ კვლავ გაიტანა - ამჯერად თავით „ატალანტას“ კარში

ეს გოლი ამ სეზონზე კვარასთვის მეოთხეა „ნაპოლის“ შემადგენლობაში
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. იტალიური “ნაპოლის” ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში „ატალანტას“ გოლი გაუტანა და კლუბს გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:1.
ეს გოლი კვარაცხელიასთვის მეოთხეა ამ სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში და პირველია ახალი მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით.
„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე მინიმუმ 18 გოლი და 18 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ამ სტატისტიკით ხვიჩა „დიდ ხუთეულში“ მეექვსე ადგილს იკავებს მესის, საკას, გრიზმანის, ვინისიუს ჯუნიორის და სალაჰის შემდეგ", - დაწერა მატჩის შემდეგ ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Opta-მ.
რაც შეეხება „ატალანტასთან“ თამაშს, 34-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ მასპინძლებს ჯაკომო რასპადორის პასის შემდეგ გაუტანა, მაგრამ ვიდეომსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
43-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, კვარაცხელიამ კი ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში „ატალანტამ“ ანგარიში 53-ე წუთზე გაათანაბრა - მასპინძლების ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლოუკმანმა გაიტანა.
63-ე წუთზე მოედანზე ვიქტორ ოსიმენი შემოვიდა, რომელმაც სექტემბერში ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა. ოსიმჰენმა სტუმრების მეორე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა - თავისი პასით კართან ელიფ ელმასი გაიყვანა (2:1).
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა მოაგროვა, მილანს (23) გაუსწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.