დღეს „საბავშვო ევროვიზიის“ ფინალი გაიმართება - საქართველოს სახელით სამი მომღერალი წარდგება

ქართველი კონკურსანტები კომპოზიციას Over The Sky შეასრულებენ, მათთან ერთად სცენაზე მოცეკვავეები ნიტა ჯაღმაიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მუსიკალური კონკურსის „საბავშვო ევროვიზია 2023“ ფინალში საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად კვირას, 26 ნოემბერს წარდგებიან.
„საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტარდება – ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით.
ქართველი კონკურსანტები კომპოზიციას Over The Sky შეასრულებენ, მათთან ერთად სცენაზე მოცეკვავეები ნიტა ჯაღმაიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
კომპოზიციის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო").
სიმღერის მთავარი გზავნილია – გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მიეცი საკუთარ თავს საშუალება იმოგზაურო ოცნებებში და გახსოვდეს, რომ გმირი უნდა ეძებო საკუთარ თავში და არა სხვებში.
წელს „ევროვოზოას“ ესპანეთი გახსნის, ბოლოს სცენაზე ნიდერლანდების წარმომადგენელი გამოვა.
საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე voice.Junioreurovision.tv კენჭისყრა 24 ნოემბრის 23:00 საათიდან მიმდინარეობს.
„საბავშვო ევროვიზია-2023“: ქართველმა კონკურსანტებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს >>
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან.
11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.