თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმე ეხება 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეს. ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. დაღუპულის მამამ მედპერსონალი გულგრილობაში დაადანაშაულა და მიიჩნია, რომ მისი ვაჟი მედიკოსების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.
„პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
მანამდე, კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიის გაყალბების ფაქტზე თეა ბეგიაშვილს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) უფროს მედდას ბრალი წაუყენეს.