თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია“ კვერცხის იმპორტზე დროებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის, განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 5,3 მლნ დოლარის 48,2 მლნ ცალი კვერცხი იყიდა - სამჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ცხრა თვეში. მწარმოებლების თქმით, იმპორტის რეკორდული ზრდა ნეგატიურად აისახება დარგზე, რადგან განვითარებაში და წარმოების ზრდაში უშლის ხელს. ამის თავიდან აცილება ძალიან ადვილია იმპორტზე გადასახადის დაწესებით, როგორც ეს ხორბალზე გაკეთდა, აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.
„შეიძლება დროებითი გადასახადის შემოღება კვერცხის იმპორტზე, შეიძლება რაღაც შეზღუდვებიც, თუ თურქეთში შეტანისთვის 30 საბუთი უნდა წარადგინო, თუ გადასახადი 108%-ია, ჩვენთან 12% არ უნდა იყოს“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისი თქმით, იმპორტის 98,5% თურქეთიდან შემოდის. კვერცხი ასევე შემოდის ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.
ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის წილი 7-8%-ის ფარგლებშია, თურქეთში წარმოების ზრდაზე დაყრდნობით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული კვერცხების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება.
„გასული წლის 9 თვეში იმპორტი 16 მლნ ცალი კვერცხი იყო, წელს უკვე 48 მლნ-ია, ახალი წელი წინ არის, რაც ნიშნავს, რომ 60 მლნ-მდე ავა, იქით წელს 80-მდე. ეს ექსპანსიაა, ადგილობრივ მწარმოებლებს დაგვახევინებენ უკან, ბოლოს მოხდება ისე, რომ აღარ გვეღირება წარმოება“, - განაცხადა მან.
უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, დღეს საშუალოდ წლიურად წარმოების მაჩვენებელი 600 მლნ კვერცხს შეადგენს, რადგან დარგი განვითარებაზე არ არის ორიენტირებული.
„15-20%-იანი გაზრდა შეგვიძლია, თუკი გარანტია იარსებებს, რომ წარმოება დაცული იქნება. მოხმარება იზრდება და ეს მოგვცემდა განვითარების საშუალებას, დიდი წარმოება ფასის კლების რესურსსაც აჩენს“, - აღნიშნა მან.
უჩუმბეგაშვილის თქმით, დარგს აქვს კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ ის ვერ წყვეტს ამ ტიპის საკითხებს, საკითხი ისევ პრემიერის დონეზე უნდა გადაწყდეს, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით.