თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველო 15 დეკემბერს მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუმცა რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„15 დეკემბერს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ რეკომენდაციები... დამატებითი რეკომენდაციები მუდმივად იქნება ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგში, რასაკვირველია იმ პერიოდამდე, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.