თბილისის საკონცერტო დარბაზთან არსებულ შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის განახლების სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი— Sputnik. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, სამუშაოები შადრევნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„შადრევნის რეაბილიტაცია „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგეთ და დღეს ყველანაირად კეთილმოწყობილია“, - განაცხადა კალაძემ.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა>>>
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა შადრევნის კედლის წყლის ფარდა, აუზი, ტუმბო-აგრეგატი, მართვის ოთახი და დამცლელი მილი. შეიცვალა შადრევნის კედლის ქვედა ფილები და მოპირკეთდა გრანიტით. მოეწყო განათებები, ამომფრქვევები და ელექტროსადენები. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განახლდა მიწისქვეშა გადასასვლელები.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის განახლების სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო - ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ასევე ლითონის მოაჯირების მონტაჟი და „მუზის" ქანდაკების რეაბილიტაცია.