თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივა მოღალატეობრივია და მიმართულია ქვეყნისა და მისი მოსახლეობის დაზიანებისკენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მანამდე პარტია „ლელოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს განსახილველად წარედგინა ცხრაპუნქტიანი გეგმა „საქართველოს დაცვის აქტი“, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას. „ლელოს“ ინიციატივა, მათ შორის, ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვას.
„ლელოს“ ინიციატივა არის მოღალატეობრივი ინიციატივა, როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი მოსახლეობა... ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ შენ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის „ლელოს“ სულისკვეთება, ისევე, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სულისკვეთებაც“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ასევე „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა.
კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება ზიანს მოუტანს ქართულ და არა რუსულ ეკონომიკას.
„ზოგადად, როდესაც ვიღაცას უწესებ სანქციებს, უნდა დააზიანო სხვა, ხომ? სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციებს?! რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის „ამ ომისა და ღალატის პარტიის“ მიზანი, რომ რამენაირად დააზიანოს საკუთარი ქვეყანა და „ლელოც“ ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
„როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ 10 პროცენტით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს პირველივე წელს და ამ ინიციატივას წარადგენ პარლამენტში, ხარ უბრალოდ მოღალატე და მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისშისაქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე და აღნიშნა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.
ბოლო წლებში ქვეყნები აქტიურად ავითარებენ სავაჭრო კავშირებს. რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე, რომელიც 2019 წლიდან იყო აკრძალული.