თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს, რადგანაც იცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, განაცხადა მმართველი პარტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება სანქციების მიმართ. ჩვენ არ ვუერთდებით და ვერც შევუერთდებით სანქციებს, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ასეთი დამოკიდებულება", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსისთვის გაუგებარია ქვეყანამ თუ რატომ უნდა შეზღუდოს ტურისტების საქართველოში შემოსვლა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზ ექსპორტი.
„რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის შევზღუდავთ ამით? ვიზღუდავთ თავს და ისევ რთულ მდგომარეობაში ვაყენებთ გლეხებს. თუმცა, ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს, რომ როგორმე ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ქვეყანას და შეაჩერონ ის ეკონომიკური განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.