თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, იუწყება „ტვ პირველი".
მამაკაცი მტკვრის სანაპიროზე თევზაობდა, როცა მას თანასოფლელმა ესროლა.
„მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა", - ამბობენ ადგილობრივები.
ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
„ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში" - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა.
„არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით ესროლა", – აღნიშნეს მოკლულის თანასოფლელებმა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.