ჩინეთს საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს - ელჩი

საქართველოს და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში, განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა და აღნიშნა, რომ ჩინეთი სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ჩინეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა.
„ჩვენ ასევე ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას საქართველოს განვითარებაში და ახლა გვსურს პროექტების განხორციელება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან 287 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.
საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია.
„საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი“, - განაცხადა ელჩმა.
საქართველომ ჩინეთს კარი გაუღო >>
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.