„ზემო ლარსი“ დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა

გზაზე შეზღუდვები ზვავსაშიშროების გამო მოქმედებდა.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ზვავსაშიშროების გამო იყო შემოღებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება მონაცვლეობით, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, დაგროვილი ავტომობილების ნაკადის შესაბამისად.
ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.