თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სარწყავი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის 70 მლნ ევროს გამოუყოფს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ჩარჩო ხელშეკრულებას საკრედიტო რესურსების შესახებ „საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის" ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ფანი დელფიმ.
სარწყავი სოფლის მეურნეობა არის მიწათმოქმედება, რომელიც ხელოვნური მორწყვის მეშვეობით მიმდინარეობს. სარწყავი სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კლიმატის ტერიტორიებზე.
რას მოხმარდება ფული
პროექტისთვის განკუთვნილი 70 მლნ ევროდან 35 მილიონი ინფრასტრუქტურული კომპონენტისთვის გამოიყოფა.
კერძოდ, თანხები მოხმარდება ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას; ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას; ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.
თანხის მეორე ნახევარი მოხმარდება: საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას; პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატგონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; კომპანია "საქართველოს მელიორაციის" მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შპს "საქართველოს მელიორაციასთან" ერთად.