ცვლილებები არ იქნება - პარლამენტის სპიკერი პარტიებს არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ 5%-იან საარჩევნო ბარიერში, რომელიც საკმაოდ ადეკვატურია და ევროკავშირის წევრი-ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს, არანაირი ცვლილება არ შევა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.

„ხუთი პროცენტი არის ადეკვატური და სწორედ ამიტომ არის იგი უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ... ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ არანაირი ცვლილების შეტანას არ ვაპირებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გასაკვირია, საიდან წარმოიშვა აღნიშნული საკითხი, რამდენადაც ხუთმა თუ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა.

„კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს პრობლემა, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა ხუთ პროცენტზე, ასევე განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ ექვსმა პარტიამ თქვა, რომ არ აქვს პრობლემა. თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი პრობლემა?!", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სპიკერის თქმით, სწორად ამიტომ, აღნიშნული ხელოვნურად წამოწეული თემაა - არსებობს ბარიერი, რომელიც დიდიხანია საქართველოს კონსტიტუციაშია განსაზღვრული, დასძინა პოლიტიკოსმა.
„2020 წელს ჩატარდა ერთი ექსპერიმენტი ერთპროცენტიანი ბარიერით. ჩვენ ვხედავთ ამ ექსპერიმენტის შედეგს პარლამენტში იმ კუთხით, რომ ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმი. ფაქტობრივად, გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რომელიც თავისი შინაარსით არანაირად არ მოქმედებს პლურალიზმზე. ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია ერთი ქოლგის ქვეშ არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. ამასთან, თავად პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერს დაწევენ? მხარეების არგუმენტები>>>
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.