დეპუტატი: პრეზიდენტი შეიძლება ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას შეუერთდეს

ოპოზიციონერის თქმით, პრეზიდენტმა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება სააკაშვილის შეწყალებით უნდა დაიწყოს
Sputnik
პთბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უახლოეს მომავალში უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის სიაში გამოჩნდება.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მის მემკვიდრეს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის შემადგენლობაში შევლენ ის პარტიები, რომლებიც მომავალი წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს გადალახავენ.
„სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მკვეთრ ნაბიჯებს ველოდები... ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ეტაპობრივად მიიღებს გადაწყვეტილებას აქტიურად დაკავდეს პოლიტიკით. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მას რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაში ვიხილავთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
დეპუტატის თქმით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რომე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება ზურაბიშვილი, თუმცა არის ისნი, რომლებიც მას სიხარულით მიიღებენ.
როგორც ოპოზიციონერმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტს სურს იყოს ხალხის ხმა, უპირველეს ყოვლისა უნდა შეიწყალოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკოსოს აზრით, ეს იქნება ნაბიჯი სამართლიანობისკენ.
„თუ პრეზიდენტს აქვს პრეტენზია, რომ უნდა გახდეს ხალხის ხმა და იბრძოლოს სამართლიანობისთვის, მაშინ ეს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა დადასტურდეს, რადგანაც თუ სასამართლოს და პროკურატურას ფარცხალაძე და მისი კლანი მართავს, გამოდის, რომ დანაშაული და კანონი დამახინჯებულია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სააკაშვილმა, რომელიც პროცესს დისტანციურად ჩაერთო, განაცხადა რომ ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში. სააკაშვილის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ელოდება და „უკვე მოამზადა მისი შემცვლელი - ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
„დილით ღმერთს სთხოვს, საღამოს - პრეზიდენტს": დეპუტატი სააკაშვილის შეწყალებაზე>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.