თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განსახორციელებლად საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან დაახლოებით 45 მლნ ევრომდე კრედიტს მიიღებს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.
სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ.
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას. კერძოდ, კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას.
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა მოიცავს საირიგაციო პოლიტიკისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, წყლის ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტურობა და ასევე სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების პირობებში.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.