თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი კოსტა სანიკიძე თბილისში საკუთარ სახლში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია„ რუსთავი2“.
დაზარალებული „რუსთავი 2-ის" პროექტ „პრაიმჰაუსში" მონაწილეობდა.
დაშავებულის მეგობრის, სალომე ბარათაშვილის ინფორმაციით, მას მუცლის არეში ცივი იარაღით ხუთი შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. მომღერალი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„როგორც ქირურგმა გვითხრა, დაკარგული აქვს 2 ლიტრი სისხლი. ფილტვებზე აქვს კიდევ რაღაც პრობლემა. სტაბილურად მძიმე სიტუაციაა“, - აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი სალომე ბარათაშვილი.
კოსტა სანიკიძის მეგობრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა და აპარატზე შეერთებასაც აღარ საჭიროებს.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დაკავეს. გამოძიება „მკვლელობის მცდელობის“ მუხლით მიმდინარეობს.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 24 წლის გიორგი გველესიანია. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის საბაბი.
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა გამთენიისას, დილის 7 საათისთვის მოხდა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მას საკუთარ სახლში 25 წლამდე პირი დაესხა თავს და დაჭრა. შემთხვევის დროს სახლში იყო კოსტა სანიკიძის დედაც. მსახიობის დაჭრამდე 2 კვირით ადრე ადგილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარას, სწორედ იმ ადამიანის მხრიდან, ვინც დღეს ის დაჭრა.