რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად - ახალი მონაცემები

სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში დღეის მდგომარეობით 180 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121.445 მლნ ლარი, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შედარებისთვის, 2022 წელს სულ 273.8 მლნ ლარის ღირებულების ქონება გაიყიდა. მთავრობის გეგმით კი სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარი უნდა შესულიყო.
უწყების ცნობით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოისმინა დღევანდელი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხვა საკითხები
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს და 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
სხდომაზე განიხილეს სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზეც. აღინიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რომლის პირველადი ვერსია შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან.
გარდა ამისა, ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობის საკითხები. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების გამომშვები ის კომპანიები, რომლებიც წარმატებით განათავსებენ თავიანთ ფასიან ქაღალდებს კაპიტალის ბაზარზე, შეძლებენ დაიბრუნონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი. აგრეთვე განიხილეს კერძო კაპიტალის ე.წ. Private equity საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების საკითხები, რომლის მეშვეობითაც მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, დაფინანსების მისაღებად გამოიყენონ ალტერნატიული წყაროები.
სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შუალედური ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმის შესამუშავებლად მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმის შერჩევა. ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე შევიდა 19 განაცხადი, რომლებიდანაც შეირჩა 5 საუკეთესო, ხოლო გამარჯვებული 2023 წლის ბოლომდე გამოვლინდება.
სხდომაზე განიხილეს CFD აუქციონების შედეგები და ახალი აუქციონის გამოცხადების მიმდინარეობის პროცესი.
მხარდაჭერის სქემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი აუქციონი, რომელიც გამოცხადებულ იქნა 300 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე.
უახლოეს პერიოდში იგეგმება სიმძლავრის აუქციონის მეორე ფაზის გამოცხადება, სავარაუდოდ, 600 მგვტ სიმძლავრეზე, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება მოხდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე.
ეკონომიკური საკითხების გარდა, საბჭოს სხდომაზე განიხილეს ასევე მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხიც. პრემიერის თქმით, 1 000-მდე ასეთ ოჯახს მთავრობა შეუძენს ბინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. აღინიშნა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.