თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდებათ, რადგან მათი პასპორტები შემოწმდება მხოლოდ ჩიპებით, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტები 2010 წლის აპრილიდან გაიცემა. ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ჩადებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მფლობელის შესახებ. მაგალითად, თვალის ირისის ნახატი, თითის ანაბეჭდები, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები.
„წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA), რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება", - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც გამოიყენება საქართველოში, სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბიომეტრიული პასპორტით ქვეყნის 1,7 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 105-ზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.