თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო მზად არის მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარასკევს ხელი მოეწერა საქართველოს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. საუბარი შეეხო „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.
შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც.
ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის დეკემბერში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით გაიმართა.