თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში 17 ახალი „საქმიანი ეზო" მოეწყობა, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.
ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების" მოწყობა ხეტყის დამზადებისა და მიწოდების ერთაინი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 40 „საქმიანი ეზოა" მოწყობილი.
„გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო" ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც", - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგნტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
მისი თქმით, „საქმიანი ეზოებიდან" მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით, ადამიანებს არ მოუწევთ ამისთვის საკუთარი რესურსების მოძიება და ტყეში საფრთხის შემცველი საქმიანობის წარმოება, აღნიშნა ცერცვაძემ.
ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, მოსახლეობა უზრუნველყოს ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც.
კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო.
პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.