მეტი ჰოლივუდი საქართველოში: მინისტრის მოადგილე ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებაზე

ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს საქართველოში გადაღებისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ახალი ქართულ-ამერიკული ერთობლივი საწარმო WonderSilk Studios (WSS) ჰოლივუდის სტუდიებს საქართველოში ფილმების გადაღებას შესთავაზებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთობლივი საწარმოს - WonderSilk Studios (WSS) დაარსების შესახებ მემორანდუმს, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს, თბილისში ხელი მოაწერეს ეკონომიკის სამინისტრომ, ქართულმა საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-მა, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ESTech-მა.
„კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო - კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი - საქართველოში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა.
2023-2024 წლების განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.
ნადარეიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ექვსი წელია აქტიურადაა ჩართული კინოინდუსტრიის განვითარებაში.
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ბაზაზე ჩვენ შექმენით სხვადასხვა ტიპის პროგრამები - ამ პორტფელში 40-ზე მეტი ფილმია, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა ასობით სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ საპროდიუსერო კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო პროფილურ გამოფენაზეა წარმოდგენილი, და ქართველ პროდიუსერებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საერთაშორისო კომპანიებს იმის შესახებ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საინტერესო და მომგებიანი ფილმის გადაღება.
Silk Road Group — საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესო კერძო კომპანიაა, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ოთხ ძირითად სექტორში ოპერირებს: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.