თბილისი, 17ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დაწყებას ევროპარლამენტის დეპუტატს ვიოლა ფონ კრამონს არავინ ეკითხება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, რუსთაველის გამზირის აღდგენის სამუშაოებში, რაც 2024 წლიდან არის დაგეგმილი, პოლიტიკური მიზანი დაინახა. „ცენტრალური გამზირის ბლოკირება არჩევნების წელს პრობლემის გადაჭრის ტიპური საბჭოური სტილია“, – დაწერა კრამონმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში იმალება ხელისუფლების შიში, რომ როგორმე წინ აღუდგეს მოსალოდნელ პროტესტს.
„ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. სად ჩამოდიან და რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება?!“ – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას გეგმების ერთი წლით გადადება მოუწია და ახლა ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მოაწყონ ამბოხება.
„საიდან დაასკვნეს, რომმაინც და მაინც იმ მომენტში იქნება გზა ისე გადათხრილი, რომადამიანი ვერ გაივლის. წარმოიდგინეთ, რა დონის სიგიჟემდე მივდივართ, რომ ისინი ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით ამბოხი მოახდინონ საქართველოში და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს გადათხრილი პარლამენტის წინა ტერიტორია“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გამსვლელი ბარიერი 5%–ია. პარტია, რომელიც ამომრჩევლების ხმების ნახევარს მიიღებს, შეძლებს პრემიერობის კანდიდატის წამოყენებას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 15 ნოემბერს განაცხადა. გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს.
ვიოლა ფონ კრამონი და საქართველო
ვიოლა ფონ კრამონმა მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია თბილისში 7–9 მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.
გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.
მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ვიოლა ფონ კრამონმა სექტემბერში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მთავრობისგან განსხვავებით, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. მისი თქმით, დროა, მიიღონ სიგნალი ქართველი ხალხისგან და დაიწყოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.