ბრეგაძე: სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის რიცხვმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქვეყნის შიგნით უფლებების დარღვევაზე საქართველოს წინააღმდეგ კერძო სარჩელების რაოდენობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტია. 2023 წელს ადამიანის უფლებების დარგში ეროვნული სტრატეგია შემუშავდა და დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქმედო ეროვნულ გეგმაზე.
„ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ძალზე შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელების საერთო რაოდენობა. 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3.045 სარჩელი შევიდა, 2023 წლისთვის კი მათი რაოდენობა 147 გახდა, რაც საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მასშტაბური რეფორმების შედეგად.
„ეს სტატისტიკა არის თვალსაჩინო ინდიკატორიიმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა გახდა უფრო მოქნილი და ეფექტურად იცავს ადამიანის უფლებებს", - განაცხადა ბრეგაძემ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული იქნა კანონები, მათ შორის თანასწორობის გარანტიის, შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გააუმჯობესა სასჯელაღსრულების სისტემა, გააძლიერა სახალხო დამცველის როლი და უზრუნველყო მართლმსაჯულების გამჭვირვალე სისტემა დაკავების სტადიიდან საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.