მსოფლიო დღეს

BBC უკრაინიდან არალეგალურად გასული მამაკაცების სტატისტიკას აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე მეზობელ ქვეყნებთან უკრაინის საზღვარი სულ 19 740-მა ადამიანმა გადაკვეთა უკანონოდ, წერს BBC News-ი რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, დამრღვევთა შორის 20 ათასამდე მამაკაცი იყო, რომლებმაც საზღვარი ფეხით გადაკვეთეს ან მდინარეებით გადაცურეს.
კიევის ცნობით, კიდევ 21,113 უკრაინის არალეგალურად დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მათ უკრაინის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეუძლიათ.
BBC-ის ცნობით, საზღვრის 19 740 დამრღვევიდან 6800-მა ადამიანმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, რომლებშიც არარსებული დაავადებები იყო მითითებული.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ფედორ ვენისლავსკიმ BBC News-ს განუცხადა, რომ არმიაში მობილიზაციისთვის თავის არიდებას უკრაინელი მამაკაცების დაახლოებით ხუთი პროცენტი ცდილობს.
„და მათ ნამდვილად არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის თავდაცვისთვის“, — აღნიშნა მან.
უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლისთვის ქვეყანაში 18-დან 60 წლამდე 11 მილიონი მამაკაცი ცხოვრობდა.
როგორც პროექტი Opendatabot იტყობინება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინა 2,4 მილიონმა კაცმა დატოვა და აღარ დაბრუნებულა. გაეროს შეფასებით, მსოფლიოში უკრაინიდან 6,2 მილიონი ლტოლვილია რეგისტრირებული.