თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრა გამართა, სადაც პროექტის დეტალები განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.
კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის (ჯამში 45 მატარებლის) შესყიდვა, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში და არსებული მოძველებული მატარებლები შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩანაცვლდება.
პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.
უწყების ცნობით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაციისთვის 20 მლნ დოლარია გამოყოფილი>>
თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს