თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლადო კვატანიას კლიპი ჯგუფი „მგზავრების" სიმღერაზე „ვალსი" საერთაშორისო ფესტივალზე Buenos Aires Music Video Festival სამ კატეგორიაშია ნომინირებული.
Buenos Aires Music Video Festival პირველი ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია არგენტინაში, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ კლიპებს ეძღვნება. ოფიციალურ კონკურსში წარდგენილია 30 კატეგორია და ასობით მონაწილე ნამუშევარი. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, BAMV Fest-ზე აჯილდოებენ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა შემსრულებლის კრეატიულ, ორიგინალურ და ხარისხიან ვიდეოკლიპებს.
კლიპი „ვალსი" სამ კატეგორიაშია წარდგენილი:
საუკეთესო ვიდეო (საერთაშორისო)
თხრობა
ფოტოგრაფიის მიმართულება (საერთაშორისო)
გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი 27 ნოემბერს გახდება.
სიუჟეტის ცენტრშია ქართველი წყვილი, რომელიც გოგონას დაბადებას ელოდება. ამავე დროს, მამაკაცს დედა გარდაეცვალა, რასაც ძალიან განიცდის.
კლიპის ბოლოს გარდაცვლილი დედის სახე რძით განბანვის საიდუმლო რიტუალში მონაწილეობს, რის შედეგადაც ხანში შესული ქალი ჩვილად გადაიქცევა. ამ სცენას პერიოდულად ანაცვლებს ბავშვის დაბადების კადრები. კლიპის ბოლოს ნაჩვენებია მნიშვნელოვანი ელემენტი - ახალდაბადებულ გოგონას ისეთივე მახასიათებელი ხალი აქვს წარბს ზემოთ, როგორიც მთავარი გმირის დედას ჰქონდა.
კლიპში მონაწილეობენ აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი, დათო დვალიშვილი.