საქართველოსგან ათჯერ ნაკლებია საჭირო - კობახიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილი ახალი დათქმები ათჯერ ნაკლებია, წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით - ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა რეფორმების გასატარებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„წარმოდგენილი არის 9 კონკრეტული დათქმა. მოცულობით ეს 9 დათქმა არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, რათა განხორციელებულიყო ცვლილებები და რეფორმები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებში“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ 9 დათქმის შესრულებას, დასძინა კობახიძემ.
გავყვებით ამ ახალ 9 დათქმას და უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გზაზე: „ოცნებას“ ოპოზიციის იმედი არ აქვს>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.