მსოფლიო დღეს

უადგილო ზომები: ისრაელმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უარყო

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზის სექტორში ხანგრძლივი ჰუმანიტარული ზავის თაობაზე, იუწყება Times of Israel.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, სანამ ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს, ასეთი ზომები უადგილოა.
რეზოლუცია ასევე გააკრიტიკა ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა. მისი თქმით, „დოკუმენტი რეალობასაა მოწყვეტილი“, ხოლო უშიშროების საბჭო „განაგრძობს ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის იგნორირებას და არც კი ახსენებს მას“.
„ჰამასის სტრატეგია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის მიზანმიმართულად გაუარესება და პალესტინელთა შორის მსხვერპლის გაზრდაა, რათა აიძულოს გაერო და უშიშროების საბჭო, შეაჩერონ ისრაელი. ეს არ მოხდება. ისრაელი იმოქმედებს იქამდე, ვიდრე ჰამასი არ განადგურდება და მძევლები არ დაბრუნდებიან“, — თქვა მან.
გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოებისკენ მოწოდებას შეიცავს. რეზოლუცია, რომელიც მალტამ წარადგინა, საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა თავი შეიკავეს.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა თავშეკავების მიზეზი განმარტა.
რეზოლუცია გადაუდებელი და ხანგრძლივი ჰუმანიტარული პაუზებისა და ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას მოითხოვს „საკმარისი დღეების განმავლობაში, რათა დახმარებამ ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ჰამასს, დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მძევალი.
მანამდე, ოქტომბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხჯერ სცადა ცეცხლის შეწყვეტის ან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ რეზოლუციის მიღება, მაგრამ ეს ვერცერთხელ ვერ მოხერხდა.
წყარო: Times of Israel